დალია მეისონი Silent Hill: Shattered Memories-ის პერსონაჟია. იგი ჰარი მეისონის ყოფილი ცოლი და შერილ ჰითერ მეისონის დედაა.
Silent Hill: Shattered Memories[]
თამაშის სხვა პერსონაჟებისა და მოვლენების მსგავსად, დალიაც შერილის წარმოსახვის ნაყოფია. თამაშში მისი გარეგნობა არაერთხელ იცვლება: იგი ხან ახალგაზრდა და სექსუალურია, ხან მოხუცი და ნაკლებად მიმზიდველი. თამაშის დასასრულს მაიკლ კაუფმანი შერილს ეტყვის: „ის (დალია) ისეთი ურჩხული არაა, როგორადაც შენ გამოგყავს“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შერილი დედამისს რაღაცაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ შერილის მიერ გადაღებულ ვიდეოებსა და დახატულ სურათში დალია ისეთი ვნებიანი არაა, როგორიც თამაშში.
ღამის კლუბ The Balkan-ში ჰარი მიშელ ვალდეზის ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად შევა. იქიდან დაბრუნებულს მიშელის ნაცვლად დალია დახვდება, რომელსაც ჰარის დაბნეულობა გააკვირვებს, თუმცა მისთვის რამეს ახსნის სურვილს არ გამოამჟღავნებს. იგი ჰარის შერილის სახლამდე მანქანით მიყვანას შესთავაზებს. გზად მათ ხიდი გახსნილი დახვდებათ. ჰარი მის დასაკეტად გაემართება, დალია კი მანქანაში დარჩება. სანამ ისინი მდინარის მეორე მხარეს გადავლენ, იქაურობას ყინულის სამყარო მოიცავს, დალია გაიყინება, ხიდი კი ჩაიმტვრევა და მანქანა წყალში ჩავარდება.
მოგვიანებით, გრინ ლაიონ პონ შოპში ჰარი მოხუც დალიას შეხვდება, რომელიც შერილს ეძახის. იგი ჰარის ეტყვის, რომ ისინი ქორწინებაში არიან, ხოლო შერილი შუქურაში იმყოფება, რის შემდეგაც იგი გაიყინება.
ტბისპირა გასართობ პარკს უკან ნაპოვნ ნავში ჰარის ახალგაზრდა დალია დახვდება, რომელსაც იგი შუქურამდე მიყვანას სთხოვს. ისინი ერთმანეთს აკოცებენ და ღამეს ერთად გაატარებენ. მას შემდეგ, რაც ჰარი გაიღვიძებს, დალიას ყინულის სამყარო გაყინავს და კვლავ დააბერებს. წყალიც ყინულად გარდაიქმნება და ჰარი შუქურისკენ ფეხით გაემართება. გზაში მას დალია დაურეკავს და შერილის გულისათვის უკან დაბრუნებას სთხოვს.
დასასრულიდან Wicked and Weak ირკვევა, რომ დალია ჰარის ამცირებდა და სცემდა კიდეც. შერილის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უწოდებს იგი ჰარის „საცოდავს“, მის ნოველებს კი − „ნაგავს“. დასასრულ Love Lost-ში ჰარი ოჯახს ტოვებს. დალია რაღაცის თქმას დააპირებს, თუმცა ჰარი მას სიტყვას გააწყვეტინებს და ეტყვის, რომ მათ უკვე „საკმარისი თქვეს“.