საილენთ ჰილი Wiki
Register
Advertisement
ლორა
Lauraprofile
ლორა Silent Hill 2-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
8 (დაიბადა 1985 წელს)
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
მოსწავლე
გამოჩნდა
Silent Hill 2
Silent Hill: Downpour (კამეო)
ახმოვანებს
ჟაკლინ ბრეკენრიჯი

ლორა Silent Hill 2-ის პერსონაჟია. მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი რვა წლისაა, მერი შეპჰერდ-სანდერლენდთან მეგობრობდა და მთელ თამაშში ერთადერთი უდანაშაულო ადამიანია, რის გამოც იგი ურჩხულებსა და საილენთ ჰილის სხვა უცნაურობებს (მარიას ჩათვლით) ვერ ხედავს.

ლორამ მშობლები უცნობი მიზეზის გამო დაკარგა. სავარაუდოდ, იგი იმავე საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც მერი და მათ საერთო ექთანი, რეიჩელი უვლიდათ. მერი და ლორა საილენთ ჰილის შესახებ ბევრს საუბრობდნენ ხოლმე. მერიმ მას თავის სურათებიც აჩვენა.

სავარაუდოდ, ლორა საილენთ ჰილს ლამაზ ქალაქად აღიქვამს და თამაშის სხვა პერსონაჟებთან ერთად მის მაცხოვრებლებსა და ტურისტებსაც ხედავს.

Silent Hill 2[]

ჯეიმს სანდერლენდი ლორას პირველად ვუდ საიდ ეფართმენთსში შეხვდება. ლორა გასაღებს ფეხს ჰკრავს, ჯეიმსს ხელზე ფეხს დააბიჯებს და გაქცევის წინ დასცინებს კიდეც. ნაგებობათა კომპლექსიდან თავის დაღწევის შემდეგ ჯეიმსი მას კიდევ ერთხელ შეხვდება. ლორა კედელზე ზის და თავისთვის ზუზუნებს. იგი ჯეიმსს გესლიანად მიუგებს, რომ „შესაძლოა“ მას ფეხი დააბიჯა კიდეც და განაცხადებს, რომ მერის იცნობს, რის შემდეგაც კედლის მეორე მხარეს გადახტება.

მომდევნო სცენაში ლორა პიტს ბოულ-ო-რამაში ედი დომბროვსკის ელაპარაკება, რომელსაც იგი საილენთ ჰილისკენ მიმავალ გზაზე შემთხვევით შეხვდა. ედი, რომელიც პიცას ჭამს, მას ეტყვის, რომ იგი პოლიციას ემალება. ლორა მას „მშიშარა მსუქანს“ უწოდებს, თუმცა იქვე აღიარებს, რომ თვითონაც ბევრს გაურბის და ედის ჰკითხავს, თუ რატომ არ მოიხდის ბოდიშს თავისი საქციელისთვის. ედი მას უპასუხებს, რომ მას არავინ აპატიებს. ჯეიმსის გამოჩენის შემდეგ ლორა ედისა და ჯეიმსის მიმართულებით ბოულინგის ბურთს გააგორებს და გაიქცევა.

ჯეიმსი მას მარიას თხოვნით დაედევნება. ჰევენს ნაითსა და კედელს შორის არსებული ვიწრო გასაძრომის მეშვეობით ლორა კეროლ სტრიტზე გადავა და საავადმყოფო ბრუკჰევენში შევა. ჯეიმსი მას პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში იპოვის, სადაც ლორა დათუნიებით თამაშობს. მას შემდეგ, რაც ლორა მერიზე დაიყებს ლაპარაკს, ჯეიმსი მას მატყუარას უწოდებს, თუმცა მას უხეშობისთვის მალევე მოუბოდიშებს. საავადმყოფოს დატოვების წინ ლორა ჯეიმსს ეტყვის, რომ ერთ-ერთ ოთახში მერის წერილი დევს. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი ოთახში შევა, ლორა კარებს ჩაკეტავს და მას ურჩხულებთან გამოამწყვდევს.

საავადმყოფოს ფანჯრიდან ჯეიმსი ლორას კეროლ სტრიტზე შენიშნავს. სასტუმრო ლეიქვიუმდე იგი, სავარაუდოდ, ნათან ევენიუს გავლით მივა, რაც ჯეიმსისთვის გადაკეტილია. როგორც ჩანს, ლორას თვალით დანახულ ქალაქში გზები ჩახერგილი არაა. სასტუმროს რესტორანში ლორა პიანინოს უკან დაიმალება. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი რესტორანში შევა, ლორა პიანინოზე კლავიშებს ჩამოჰკრავს ხელებს, რაც ჯეიმსს შეაშინებს. ლორა მას წერილს აჩვენებს, რომელიც მან ექთნის კარადიდან აიღო, რითაც მისი და მერის მეგობრობა დასტურდება.

წერილში მერი წერს, რომ იგი ახლა შორს, „მშვიდ“ და „ლამაზ“ ადგილას იმყოფება. იგი ლორას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ წასვლის წინ მას არ დაემშვიდობა და აგრძელებს, რომ ლორას არ უნდა სძულდეს ჯეიმსი იმის გამო, რომ მას (მერის) ცუდად ექცეოდა და რომ ჯეიმსის პირქუში იერის მიღმა „საყვარელი ადამიანი“ იმალება. წერილის დასასრულს მერი ამბობს, რომ ლორა საკუთარი შვილივით უყვარს და საქმეები სხვაგვარად რომ წასვლოდა, მას იშვილებდა კიდეც. იგი ლორას მე-8 დაბადების დღეს ულოცავს.

სანამ ჯეიმსი წერილს კითხულობს, ლორა მინის კარზე კატას ხატავს. ჯეიმსი მას ჰკითხავს, თუ რამდენი წლისაა იგი. ლორა იტყვის, რომ 8 წელი წინა კვირას შეუსრულდა და ჯეიმსი გააცნობიერებს, რომ შეუძლებელია მერი 3 წლის წინ დაღუპულიყო. შემდეგ ლორა „სხვა წერილის“ მოსატანად გაიქცევა (ალბათ მერის უკანასკნელი წერილისა, რაც მან ჯეიმსს მისწერა).

მას შემდეგ, რაც ჯეიმსი მერის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს შეიტყობს, ლორა 312-ე ოთახში შევა. ჯეიმსი მას გაუმხელს, რომ მერი თავად მოკლა. ლორა დაიყვირებს, რომ მას სძულს იგი. ჯეიმსი იტყვის, რომ მერი, რომელსაც ისინი იცნობდნენ, სასტუმროში არ არის, რის შემდეგაც ლორა ოთახს ჩუმად დატოვებს.

დასასრულ „Leave“-ში ჯეიმსი ლორასთან ერთად სასაფლაო ტოლუკას გავლით ტოვებს საილენთ ჰილს. თუმცა ისინი ცალ-ცალკე მიდიან, ქალაქიდან გასვლის წინ ლორა შეჩერდება და ჯეიმსს დაუცდის. უკანასკნელ სცენაში ისინი ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებიან ნისლში. ეს დასასრული შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ჯეიმსმა მერის სურვილი შეასრულა და ლორა იშვილა.

თამაშის სხვა დასასრულებში ლორა არ ჩანს, თუმცა, ვინაიდან ქალაქი მისთვის საშიშროებას არასდროს წარმოადგენდა, სავარაუდოდ მან საილენთ ჰილი უვნებელმა დატოვა.

Advertisement