Silent Hill 3 (კამეო)
Silent Hill 4: The Room (ნახსენებია)
Silent Hill: Shattered Memories (კამეო)
Silent Hill: Downpour (კამეო)
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
Hunger (კამეო)
ტროი ბეიკერი (Silent Hill HD Collection, Book of Memories)
ტომ ჰულეტი (Shattered Memories)
ჯეიმს სანდერლენდი Silent Hill 2-ის გმირია.
Silent Hill 2[]
ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.
სამი წლის წინ გარდაცვლილი ცოლისგან წერილის მიღების შემდეგ ჯეიმსი საილენთ ჰილში წავა. ქალაქისკენ მიმავალი მთავარი გზა მას გადაკეტილი დახვდება. ჯეიმსი საპირფარეშოში შევა და სარკეში თავის გამოსახულებას დააკვირდება. მას მერი მოაგონდება და იმ „განსაკუთრებული ადგილისკენ“ გაემართება, სადაც, წერილის თანახმად, იგი უცდის. სასაფლაოზე ჯეიმსი ანჯელა ოროსკოს გაიცნობს, რომელიც მას საილენთ ჰილში მიმდინარე უცნაურობების შესახებ გააფრთხილებს. ამის მიუხედავად ჯეიმსი გზას გააგრძელებს და ქალაქამდე გრძელი ბილიკის მეშვეობით მიაღწევს. იგი ნისლში გახვეულ და ურჩხულებით სავსე ადგილას ამოყოფს თავს და წერილში ნახსენები „განსაკუთრებული ადგილის“ ძებნას დაიწყებს.
პირველად ჯეიმსი პარკი როუზუოთერისკენ გაემართება. იქამდე მისაღწევად იგი მიტოვებულ საცხოვრებელ კომპლექსს გაივლის, სადაც ედი დომბროვსკის, პირამიდის თავიანსა და ლორას შეხვდება, რომელმაც მისი ცოლის სახელი იცის. პარკ როუზუოთერში მისული ჯეიმსი ქალის ფიგურას შენიშნავს, რომელიც მას მერი ეგონება. უცნობი, რომელიც საოცრად ჰგავს მერის, თავს მარიად წარადგენს და პირადი უსაფრთხოების მიზნით ჯეიმსს გაჰყვება.
ჯეიმსს სხვა „განსაკუთრებული ადგილი“ - სასტუმრო ლეიქვიუ მოაგონდება. ლორას კვალდაკვალ საავადმყოფო ბრუკჰევენში მისვლის შემდეგ მარია თავს შეუძლოდ იგრძნობს და ერთ-ერთ პალატაში დასასვენებლად დარჩენას გადაწყვეტს. ჯეიმსი ლორას საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში იპოვის. ლორა მას მერის სხვა წერილის ადგილმდებარეობას ამცნობს და ოთახში ურჩხულებთან ერთად ჩაკეტავს. მათი დახოცვის შემდეგ ჯეიმსი სხვა სამყაროს საავადმყოფოში აღმოჩნდება. იქ იგი მარიას შეხვდება და ისინი გასასვლელის ძებნას დაიწყებენ. შენობის საძირკველში მათ უკნიდან პირამიდის თავიანი მიეპარება, რომელიც მარიას შუბით განგმირავს.
საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ქალაქში მოხეტიალე ჯეიმსი ბრინჯაოს ძველ გასაღებს იპოვის და საილენთ ჰილის ისტორიულ საზოგადოებაში შევა. საიდუმლო გასასვლელით იგი იქიდან ტოლუკას ციხეში გადაინაცვლებს. კაფეტერიაში ჯეიმსი ედის შეხვდება, რომელიც რევოლვერით ხელში ადამიანის გვამის სიახლოვეს ზის. ჯეიმსის კითხვებს იგი არ უპასუხებს.
ციხის დათვალიერებისას ჯეიმსი ლაბირინთს აღმოაჩენს. მის ერთ-ერთ საკანში იგი ცოცხალ და საღ-სალამათ მარიას ნახავს, რომელიც მას კიდევ ერთ „განსაკუთრებულ ადგილსა“ და რაღაც ვიდეო კასეტაზე მიანიშნებს. მოგვიანებით, ჯეიმსი ანჯელას ხმას გაიგებს და მას ერთ-ერთ ოთახში მისი მოძალადე მამის ინკარნაციასთან ერთად იპოვის. მას შემდეგ, რაც იგი ურჩხულს დაამარცხებს, გამწარებული ანჯელა ამ უკანასკნელს წიხლებს ჩაარტყამს და ტელევიზორს დასცემს. ჯეიმსი მის დამშვიდებას შეეცდება, თუმცა ანჯელა მას არ მიიკარებს. იგი იტყვის, რომ ყველა კაცს ერთი და იგივე სურს და ჯეიმსს ცოლის ღალატში დაადანაშაულებს.
ჯეიმსი მარიას საკანში შესასვლელ გზას იპოვის, თუმცა შიგ შესულს მარია მკვდარი დახვდება. საკნიდან გამოსვლის შემდეგ ჯეიმსი ორმოში ჩახტება და რევოლვერით დახოცილი ადამიანების გვამებით გარშემორტყმულ ედის შეხვდება, რომელიც აღიარებს, რომ მისთვის პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას მკვლელობა წარმოადგენს. მისი საქციელი ჯეიმსს შეაშფოთებს, რასაც ედი დაცინვად აღიქვამს და შეტევაზე გადავა. იგი განაცხადებს, რომ ქალაქმა მათ იმიტომ მოუხმო, რომ ისინი ერთმანეთს ჰგვანან. არჩევანის გარეშე დარჩენილი ჯეიმსი ედის მოკლავს.
ტბა ტოლუკას ნაპირას მდებარე ძველი ნავმისადგომიდან გამოსვლის შემდეგ ჯეიმსი ჩრდილოეთ სანაპიროდან ძლიერ ნათებას შენიშნავს და მისკენ ნავით გაემართება. ნათება სასტუმრო ლეიქვიუდან მოდის, რომელიც ჯეიმსს ისეთივე მოეჩვენება, როგორიც სამი წლის წინ იყო. სასტუმროში იგი ლორას შეხვდება, რომელიც მას მერის წერილს გადასცემს, სადაც იგი ლორას მე-8 დაბადების დღეს ულოცავს. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი შეიტყობს, რომ ლორა 8 წლისაა, იგი გააცნობიერებს, რომ მერი სამი წლის წინ ვერ დაიღუპებოდა. ლორა სხვა წერილის მოსაძებნად წავა.
ჯეიმსი მარიას მიერ ნახსენებ ძველ ვიდეო კასეტას იპოვის და 312-ე ოთახში შევა, სადაც უწინ მან და მერიმ არდადეგები გაატარეს. იგი კასეტას ჩართავს და იხილავს, თუ როგორ გაგუდა თავისი ცოლი ბალიშით. ჩანაწერის დასრულების შემდეგ ოთახში ლორა შევა და ჯეიმსს ჰკითხავს, იპოვა თუ არა მერი. ჯეიმსი სიმართლეს აღიარებს. ლორა იტყვის, რომ მას სძულს იგი და იქიდან გაიქცევა. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ ჯეიმსი აღმოაჩენს, რომ სასტუმრო დატბორილი და გადამწვარია. ცეცხლმოკიდებულ კიბეზე იგი ანჯელას შენიშნავს. ჯეიმსის თხოვნის მიუხედავად, ანჯელა კიბეზე ასვლას განაგრძობს და ცეცხლის ალში გაუჩინარდება.
გადამწვარ ვესტიბიულში ჯეიმსი მარიას იპოვის, რომელიც პირამიდის თავიანებს თავდაყირა ჰყავთ დაკიდებული. მარია ჯეიმსს დახმარებას სთხოვს, თუმცა მას ერთ-ერთი ურჩხული მოკლავს, რის შემდეგაც ჯეიმსი მიხვდება, რომ პირამიდის თავიანი მის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მისმა ქვეცნობიერმა მისივე დასასჯელად შექმნა. ჯეიმსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ პირამიდის თავიანები თავს მოიკლავენ ნიშნად იმისა, რომ მათ თავიანთი მისია შეასრულეს.
გადამწყვეტი ბრძოლის წინ ჯეიმსი პლატფორმაზე ქალს შეხვდება, რომელსაც მერის გარეგნობა აქვს. დაკარგულ მოგონებათა წიგნის თანახმად, ჯეიმსის ბედს მოთამაშე წყვეტს, ნოველა კი დასასრულ In Water-ს იყენებს.
Leave („წასვლა“) − ეს ქალი მარია აღმოჩნდება. ჯეიმსი მას უხეშად ეტყვის, რომ ის აღარ სჭირდება, რის შემდეგაც მარია მთავარ ბოსად გარდაიქმნება. მისი დამარცხების შემდეგ ჯეიმსი მერის შეხვდება, რომელიც ქმარს ყველაფერს აპატიებს. მერი მას წერილს გადასცემს და ცხოვრების გაგრძელებას სთხოვს. დასასრულს ჯეიმსი საილენთ ჰილს სასაფლაოს გავლით ტოვებს. მის წინ ლორა მიდის. როგორც ჩანს, მერის უკანასკნელი სურვილის შესაბამისად, მან გოგონა იშვილა.
In Water („წყალში“) − ეს ქალი მარია აღმოჩნდება. ჯეიმსი მას უხეშად ეტყვის, რომ ის მერი არაა და მას ვერასდროს ჩაანაცვლებს, რის შემდეგაც მარია მთავარ ბოსად გარდაიქმნება. მისი დამარცხების შემდეგ ჯეიმსი მერის შეხვდება. იგი ჯეიმსს ეტყვის, რომ მისი მოკვლისთვის მან საკმარისად იტანჯა და მას წერილს გადასცემს. მერი ისე მოკვდება, რომ ჯეიმსი მასთან სათანადოდ დამშვიდობებას ვერ მოასწრებს. მის ცხედარს ჯეიმსი მანქანაში მოათავსებს. იგი მიხვდება, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და გააცნობიერებს, რომ საილენთ ჰილში თავის მოსაკლავადაა მისული, რის შემდეგაც მანქანით ტბაში შევა და, ცოლთან ერთად სამარადისოდ ყოფნის მიზნით, თავს მოიკლავს.
Maria („მარია“) − ეს ქალი მერია. იგი ჯეიმსს ეტყვის, რომ მას დანაშაულს არასდროს აპატიებს და მთავარ ბოსად გარდაიქმნება. ჯეიმსი მას შეებრძოლება და დაამარცხებს. მომდევნო სცენაში ჯეიმსი პარკ როუზუოთერშია და ტბას გადაჰყურებს. მას მარია მიუახლოვდება და ჰკითხავს, ისევ მოკლა მერი თუ არა. ჯეიმსი უპასუხებს, რომ მერისთან ბრძოლა კიდევ ერთი ჰალუცინაცია იყო და მარიას დარჩენას სთხოვს. მარია მას მერის წერილს გადასცემს. თამაშის დასასრულს ისინი საილენთ ჰილს ერთად ტოვებენ. უკანასკნელ სცენაში მარია დაახველებს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მასაც იგივე დაავადება შეეყარა, რაც მერის ჰქონდა, ამიტომ მოვლენები შესაძლოა განმეორდეს.
Rebirth („ხელახლა დაბადება“) − ეს ქალი მარიაა. ჯეიმსი მას ეტყვის, რომ ის ვერასდროს ჩაანაცვლებს მერის, რომლის გარეშე ქალაქიდან არ წავა, რის შემდეგაც მარია მთავარ ბოსად გარდაიქმნება და ჯეიმსს შეებრძოლება. მისი დამარცხების შემდეგ, მერის გასაცოცხლებლად ჯეიმსი რიტუალის შესრულებას გადაწყვეტს და ნავით ტბა ტოლუკას კუნძულისკენ გაემართება.
UFO („ამო“) − 312-ე ოთახში მისულ ჯეიმსს თავს უცხოპლანეტელები წაადგებიან. მათთან ერთადაა ჰარი მეისონიც, რომელიც ჯეიმსს ბოდიშის მოხდით იარაღს დაუმიზნებს და ჰკითხავს, შერილი ხომ არ უნახავს. დაბნეული ჯეიმსი მას იმავე კითხვას დაუსვამს მერის შესახებ. ამ დროს ერთ-ერთი უცხოპლანეტელი ჯეიმსს ესვრის და გათიშავს. გახარებული ჰარი მას ცერა თითს აუწევს. ბოლოს ჯეიმსს უცხოპლანეტელები გაიტაცებენ.
Dog („ძაღლი“) − ჯეიმსი აღმოაჩენს, რომ თამაშში ყველაფერს ძაღლი მართავდა, რომელსაც ის სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში იპოვის, რის შემდეგაც გაუგნებული მუხლებზე დაეცემა. ძაღლი მას მიუახლოვდება და სახეს აულოკავს.