საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
Silent Hill 3
SilentHill3Boxart
იგივე
SH3
დეველოპერი
Konami Computer Entertainment Tokyo
Hijinx Studios (HD edition)
გამომცემელი
Konami
რეჟისორი
კაძუჰიდე ნაკაძაუა
პროდიუსერი
აკირა იამაოკა
მხატვარი
მასაჰირო იტო
მწერალი
ჰიროიუკი ოუაკუ
კომპოზიტორი
აკირა იამაოკა
პროგრამისტი
იუკინორი ოჯიმა
გამოშვების თარიღი
ევროპა 23 მაისი, 2003
იაპონია 3 ივლისი, 2003
ჩრდილოეთი ამერიკა 6 აგვისტო, 2003
ESRB რეიტინგი
M (17+)
პლატფორმა
PlayStation 2
Microsoft Windows
PlayStation 3 (HD)
Xbox 360 (HD)
რეჟიმი
Single-player


Silent Hill 3 (ქართ. საილენთ ჰილი 3) Survival horror ჟანრის ვიდეო თამაშია, რაც Konami Computer Entertainment Tokyo-ს გუნდმა Team Silent-მა შექმნა და Konami-მ PlayStation 2-ისთვის 2003 წლის მარტში გამოსცა. იგი 1-ლი თამაშის გაგრძელებას წარმოადგენს. Microsoft Windows-ზე თამაში 2003 წლის ოქტომბერში გამოვიდა. 2012 წლის 20 მარტს თამაში გაუმჯობესებული ხარისხით PlayStation 3-ისა და Xbox 360-ისთვის გამოუშვეს.

თამაშის გმირი ჰითერ მეისონია. სიუჟეტი Silent Hill-ის მოვლენებიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ ვითარდება. 1-ლი თამაშის დასასრულს ალესა გილესპი ჰარი მეისონს ჩვილ ჰითერს მისცემს, რომელსაც ჰარი იშვილებს და პორტლანდში აღზრდის. მას შემდეგ, რაც გოგონას საილენთ ჰილის კულტი ორდერი იპოვის, ის მისი გამოყენებით თავისი ღვათების გაცოცხლებას შეეცდება.

Silent Hill 3-ის საუნდტრეკი, რომლის კომპოზიტორი აკირა იამაოკაა, იაპონიაში 2003 წლის 16 ივლისს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 2003 წლის 6 აგვისტოს გამოვიდა. წინა თამაშების საუნდტრეკებისგან განსხვავებით, მასში სიმღერები ჭარბობს, რომელთა უმეტესობა მერი ელიზაბეთ მაკგლინის მიერაა შესრულებული.

Silent Hill 3 კრიტიკოსებმა ძირითადად დადებითად შეაფასეს. მათ მოეწონათ თამაშის გარემო, გრაფიკა, მუსიკა, გახმოვანება და ჰორორის ელემენტები.

2012 წლის ფილმი Silent Hill: Revelation, რაც 2006 წლის Silent Hill-ის გაგრძელებას წარმოადგენს, ნაწილობრივ Silent Hill 3-ს ეფუძნება.

შექმნა[]

Silent Hill 2-ის გამოშვების შემდეგ Team Silent-მა ორ ახალ თამაშზე თითქმის ერთდროულად დაიწყო მუშაობა.[1] მათგან პირველი Silent Hill 3, მეორე კი Silent Hill 4: The Room იყო, რაც ცოტა გვიან, 2004 წლის ივნისში გამოვიდა.[2] წინა თამაშთან შედარებით Silent Hill 3-ის შექმნაზე უფრო პატარა, 40-კაციანი გუნდი მუშაობდა.[3] სცენარის ავტორის − ჰიროიუკი ოუაკუს განცხადებით, თამაშზე გავლენა იქონია ბევრმა ძველმა და ახალმა ფილმმა (მათ შორის, Jacob's Ladder-მა) და სტივენ კინგმა.[3]

ადრეულ ესკიზებში ჰითერ მეისონის მოდელებად ფრანგი მსახიობები - შარლოტა გენსბურგი და ვანესა პარადი გამოიყენეს. თავდაპირველად მას სახელად „ჰელენი“ შეურჩიეს, თუმცა შემქმნელებს ის მეტისმეტად მოძველებული მოეჩვენათ და თამაშის გმირს მისივე გამხმოვანებლის − ჰითერ მორისის სახელი დაარქვეს.[4]

დუგლას კარტლანდს სახელი ამერიკელი მსახიობ დუგლას ფერბენკსის მიხედვით ეწოდა. ესკიზების შექმნის პროცესში მის მოდელებად მსახიობები ჯანკარლო ჯანინი და იან ჰოლმი გამოიყენეს.[4]

შემქმნელებს ყველაზე მეტად კლაუდია ვულფის დახატვა გაუჭირდათ. თავიდან მას ქურუმის მსგავსი ტანსაცმელი შეურჩიეს. ერთ-ერთ ესკიზში იგი მელოტია და მისი სხეული ტატუებითაა დაფარული. ბოლოს მის მოდელად მსახიობი ჯულიან მური გამოიყენეს, შემდეგ კი მას წარბები მოაშორეს. თავდაპირველად ამ პერსონაჟს სახელად „ქრისტი“ შეურჩიეს, რაც შემქმნელებს მეტად „საყვარელი“ მოეჩვენათ და მას იტალიელი მსახიობ კლაუდია კარდინალეს სახელი უწოდეს.[4]

ვინსენტის სახელი მსახიობ ვინსენტ გალოსგან მომდინარეობს, რომელსაც მასავით გაუპარსავი იერი აქვს. პერსონაჟის ადრეული დიზაინი მსახიობ ითან ჰოუკის მიხედვით შეიქმნა. შემქმნელებს მის გარეგნობაში „აშლილობისა და დაღვრემილობის“ გამოხატვა სურდათ.[4]

სიუჟეტი[]

Warning sign ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

ჰითერ მეისონი სავაჭრო ცენტრში გაიღვიძებს. მას დეტექტივი დუგლას კარტლანდი მიუახლოვდება და ეტყვის, რომ მისი დაბადების შესახებ რაღაც ინფორმაციას ფლობს. ჰითერი მას გაეცლება და აღმოაჩენს, რომ ირგვლივ ურჩხულების გარდა არავინაა. იგი კლაუდია ვულფს შეხვდება, რომელიც „სამოთხისა“ და ჰითერის მისიის შესახებ დაიწყებს ლაპარაკს. მას შემდეგ, რაც კლაუდია წავა, იქაურობას სისხლითა და ურჩხულებით სავსე სხვა სამყარო მოიცავს. ჰითერი ურჩხულებს დაამარცხებს და „ნორმალურ“ სამყაროს დაუბრუნდება. მას კვლავ დუგლასი შეხვდება და ეტყვის, რომ კლაუდიამ ის მის მოსაძებნად დაიქირავა. ჰითერი სავაჭრო ცენტრს დატოვებს და სახლში წასვლას მეტროთი გადაწყვეტს. შინ მისული ჰითერი მამამისის - ჰარი მეისონის ცხედარს იპოვის. სახურავზე მას კლაუდია დახვდება, რომელიც ჰითერს საილენთ ჰილში დაიბარებს და გაეცლება.

კლაუდიაზე შურისსაძიებლად ჰითერი საილენთ ჰილში წასვლას გადაწყვეტს. ქალაქში მას დუგლასი ჩაიყვანს, რომელიც გზაში იტყვის, რომ ვინსენტმა მას უთხრა, რომ მათ ვინმე ლეონარდი უნდა იპოვონ. ჰითერი მამის მემუარებს წაიკითხვას და თავისი წარმომავლობის შესახებ სიმართლეს შეიტყობს: იგი ის ჩვილი ბავშვი აღმოჩნდება, რომელიც 1-ლი თამაშის დასასრულს, „ღმერთის“ დამარცხების შემდეგ ჰარის ალესა გილესპიმ მისცა.

უკაცრიელ და ნისლიან საილენთ ჰილში მისვლისთანავე ჰითერი ლეონარდის მოსაძებნად გაემართება. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მივა, სადაც გაარკვევს, რომ ლეონარდი კლაუდიას მამა და ურჩხული ყოფილა. მას შემდეგ, რაც ჰითერი კულტს გააკრიტიკებს, ლეონარდი მას შეუტევს, თუმცა დამარცხდება. მოგვიანებით, ჰითერი ვინსენტს შეხვდება, რომელიც მას ეკლესიაში გაგზავნის. ტბისპირა გასართობ პარკში ჰითერი დაჭრილ დუგლასს იპოვის. მოგვიანებით, ის ეკლესიაში კლაუდიას ნახავს, რომელიც ვინსენტს მოკლავს. ჰითერი აგლაოფოტისის აბს დალევს, რაც მას ჰარიმ მისცა, და „ღმერთის“ ემბრიონს ამოაღებინებს, რომელსაც კლაუდია გადაყლაპავს და ღმერთს შობს. გადამწყვეტ სცენაში ჰითერი ღმერთს შეებრძოლება და დაამარცხებს.

თამაშის სამნაირად დამთავრებაა შესაძლებელი. „ნორმალურ“ („Normal“) დასასრულში, რომელიც ერთადერთი დასასრულია, რაც თამაშის პირველ ჯერზე დახურვით მიიღწევა, ჰითერი და დუგლასი გადარჩებიან. დასასრულ „Possessed“-ში შეპყრობილი ჰითერი დუგლასს კლავს. დასასრულ „Revenge“-ში, რაც ხუმრობა დასასრულს წარმოადგენს, ჰითერი და ჰარი მაგიდასთან სხედან და საუბრობენ. მათ გვერდით უცხოპლანეტელი ზის, რომელიც ჩაის სვამს, ფარდის უკან კი ჯეიმს სანდერლენდი იმალება. ბოლოს, უცხოპლანეტელები საილენთ ჰილს ააფეთქებენ.

გამოსვლა[]

PlayStation 2-ის ვერსია პირველად ევროპაში, 2003 წლის 23 მაისს გამოვიდა. იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მისი გამოსვლის თარიღებია 2003 წლის 3 ივლისი და იმავე წლის 6 აგვისტო. თამაშის PC-ის ვერსია ევროპაში 2003 წლის 31 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი იმავე წლის 2 დეკემბერს გამოვიდა. Silent Hill 2-ისა და 4-სგან განსხვავებით, Silent Hill 3 Xbox-ზე არ გამოუშვეს. 2012 წლის 20 მარტს, Silent Hill HD Collection-ის სახით, PS3-ისა და Xbox 360-ისთვის Silent Hill 2-ისა და 3-ის HD ვარიანტები გამოვიდა.

2003 წლის ნოემბრისთვის Silent Hill 3-ის 300,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.[5] გაყიდვების რაოდენობით ის გამოსვლისთანავე იაპონიის ჩარტების სათავეში მოექცა.[6]

კრიტიკული შეფასება[]

Silent Hill 3-მა უმეტესწილად კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა. PS2-ისა და PC-ის ვერსიებმა GameRankings-ზე 83.77%[7] და 71.15%,[8] Metacritic-ზე კი 85/100[9] და 72/100[10] ქულა მოაგროვა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ თამაში ნამდვილად საშიში იყო.[11][12][13] მათი მოწონება დაიმსახურა მისმა სიუჟეტმა,[11] რაც მათ კარგ გაგრძელებად მიიჩნიეს,[14] თუმცა ისიც ითქვა, რომ მოთამაშისათვის, ვისაც პირველი თამაში არ უთამაშია, შესაძლოა ის ძნელად გასაგები ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად „სანაქებო ძალისხმევა“ გაიწია.[12] მიმომხილველებმა თამაშის ატმოსფერო, გრაფიკა და აუდიო შეაქეს, თუმცა გააკრიტიკეს მისი გეიმფლეი, რაც, მათი აზრით, მოძველებული იყო,[11][13][15] კამერა და მართვის სისტემა.[16] ზოგს თამაში საკმაოდ მოკლე მოეჩვენა.[13][15] Honestgamers.com-მა Silent Hill 3 წინა თამაშების დეგრადაციად მიიჩნია. ამის მიუხედავად, მან მოიწონა მისი გარეგნული მხარე, გახმოვანება, მუსიკა და განაცხადა, რომ PS2-ის სტანდარტებით ის „ხელოვნების ნიმუშს“ წარმოადგენდა.[17]

სქოლიო[]

  1. კრისტან რიდი (2004-07-25). „Silent Hill 4: Two Guys In A Room Interview“. Eurogamer.
  2. Silent Hill 4: The Room Preview“ (მკვდარი ბმული). 1UP. 2004-09-17.
  3. 3.0 3.1 IGN: Silent Hill 3 Interview". IGN. 2002-06-12.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Book of Lost Memories (იხ. ინგლისური ვერსია). Konami, 2003. გვ. 66-67, "Silent Hill 3 Character Commentary".
  5. Consolidated Financial Results for the Six Months Ended September 30, 2003“ (PDF) (მკვდარი ბმული). Konami. 2003-11-13.
  6. რობ ფაჰეი (2003-07-14). „Japan Charts: Silent Hill 3 brings terror to the top of the charts“. Gamesindustry.biz
  7. Silent Hill 3 Reviews – PS2“. GameRankings.com
  8. Hill 3 Reviews – PC“. GameRankings.com
  9. Silent Hill 3 (ps2: 2003): Reviews“. Metacritic
  10. Silent Hill 3 (pc: 2003): Reviews“. Metacritic
  11. 11.0 11.1 11.2 კრისტან რიდი (2003-05-22). „Silent Hill 3“. Eurogamer
  12. 12.0 12.1 ალენ რაუში (2004-01-16). „GameSpy: Silent Hill 3 Review“. GameSpy.com
  13. 13.0 13.1 13.2 ბრინ უილიამსი (2003-08-10). „GameSpy.com - Review - Silent Hill 3 (PS2)“. GameSpy.com
  14. სტარ დინგო (2003-08-04). "Review: Silent Hill 3 (PS2) - from GamePro.com". GamePro
  15. 15.0 15.1 ლუის ბედიგიანი (2003-08-11). „Silent Hill 3 Review - PlayStation 2“ (მკვდარი ბმული). GameZone
  16. სკოტ ოზბორნი (2003-12-09). „Silent Hill 3 for PC Review“ (მკვდარი ბმული). GameSpot
  17. მარკ გოლდინგი (2011-03-09). „Silent Hill 3 for PS2 Review“. HonestGamers
Advertisement